დაწერილია ჟურნალისთვის 'ზებრა'
მოგზაურობაზე უკეთესი რამ არ არსებობს. ყველაზე მეტი ემოცია, შთაბეჭდილებები და ენერგია მოაქვს მოგზაურობას. პირველად თვითმფრინავში 4 წლის ასაკში ჩავჯექი
და მას შემდეგ ვიმოგზაურე ძალიან ბევრი მიმართულებით, ეს მოგზაურობები კი ყველა საჩუქარსა და ნივთზე უკეთ მახსოვს. იმიტომაც ვცდილობ,
ჩემს შვილსაც ვაჩუქო ის ბედნიერი მომენტები, რომლებიც უკავშირდება ახალი ქალაქის დათვალიერებას, გემით მოგზაურობას, ციხე-სიმაგრეებზე ასვლას, ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას, ნაციონალური მუსიკის მოსმენას.
ილიამ ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში უკვე რამდენიმე ქვეყნის მონახულება მოასწრო. მსურს
გესაუბროთ ჩვენს მაისის არდადეგებზე პორტუგალიაში.
დავიწყებ მოგზაურობის
სამზადისით.
როდესაც მოგზაურობ პატარა ბავშვთან ერთად, აუცილებელია ყველაფრის წინასწარ დეტალურად დაგეგმვა. ბავშვთან ერთად (მით უმეტეს,
თუ ის, როგორც ილია, შუადღეს იძინებს) დროში
შეზღუდული ხარ, ამიტომ არაკომფორტულია, დილას, საუზმობისას მოიფიქრო, სად წახვიდე.
მე ყოველთვის წინასწარ ვადგენ დეტალურ დღის განრიგს, იქ ვითვალისწინებ იმ რესტორნებსაც, სადაც უნდა ვივახშმოთ. რა თქმა უნდა, ყველა ღირსშესანიშნაობის
ბილეთს ელექტრონული წესით წინასწარ ვჯავშნი, რაც თავიდან მაცილებს რიგებს
და დროის დაკარგას. შეძლების დაგვარად ვჯავშნი
რესტორნებსაც. სამოგზაუროდ წასვლამდე ცოტა
ხნით ადრე ვაგროვებ ჩემი მეგობრების რეკომენდაციებს ამა თუ იმ ადგილთან დაკავშირებით,
რითაც ვამცირებ წარუმეტებელი ობიექტების რიცხვს (უგემურ რესტორნებს, უინტერესო სანახაობებს...).
ასევე ვათვალიერებ ქალაქის რუკას, რომ ვიცოდე მიმართულებები და ადვილად გავერკვე ადგილზე.
სანამ ილია გაჩნდებოდა, ასე დეტალურად არაფერს ვგეგმავდი, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ
დამეგეგმა მოგზაურობას ოპტიმალურს და ეფექტიანს ხდის.
პორტუგალია ძალიან child-friendly ქვეყანაა. ლისაბონის აეროპორტში
(და, საერთოდ, ყველაგან, სადაც რიგებია) გათვალისწინებულია ურიგო გასასვლელები ორსულებისა
და ბავშვიანი ოჯახებისთვის. მთელი მოგზაურობის
მანძილზე რიგში არსად ვმდგარვართ, რაც ამ ქვეყნის უდიდესი უპირატესობაა.
ჩვენ ყოველთვის ვმოგზაურობთ ეტლით. მართალია, ილია უკვე
დიდი ხანია, ეტლში არ ზის, მაგრამ როდესაც 9 დღის მანძილზე უნდა მოვიარო 3 ქალაქი და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება,
ეტლის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია. ვსარგებლობთ Maclaren’ის
ფირმის ეტლით - ჩემი გამოცდილებით, არცერთ ეტლი არ არის ასეთი კომფორტული მოგზაურობის
დროს. ხელმისაწცდომია, მჩატეა, ძალიან კარგი ბორბლები აქვს და იკეცება - შეიძლება მხარზეც
გადაიკიდო.
მომაჩნია, მოგზაურობა სწორ დროს - მაისს დავამთხვიეთ,
რადგან ამ თვეში უკვე თბილა (თითქმის ცხელა),
მაგრამ ისეთი სიცხე არ არის, როგორიც ზაფხულში. ზაფხული ძალიან ცხელია და ალბათ არც
ისეთი კომფორტული.
როდესაც პორტუგალია ავარჩიეთ, ვიცოდით, რომ ძალიან ლამაზ
ქვეყანაში მივდიოდით, მაგრამ ადგილზე რომ ჩავედით, მივხვდით, რომ ამ ქვეყნის სილამაზე
ყველანაირ მოლოდინს აჭარბებდა. ფერად-ფერადი სახლები, ძველი მოედნები, საინტერესო მუზეუმები,
ლამაზი ქუჩები და საოცარი ხედები... ამ ყველაფერს ახლავს პოზიტივი უდიდესი დოზით -
ყველა ბედნიერია, იღიმის, მღერის. სხვათა შორის, პორტუგალიური ენა ინტონაციები ძალიან
წააგავს ქართულს. სულ მეჩვენებოდა, რომ ქართლად საუბრობდა მთელი ქალაქი.
რაც შეეხება სანახაობებს, ბავშვებისთვის საინტერესო
ესენია პორტუგალიაში:
ლისაბონში:
1) ავტობუსის და ტრამვაის ტური. ჩემი აზრით, ყველა მოგზაურობა
უნდა დაიწყოთ ღია ავტობუსის ტურით, საათ-ნახევარში შეგექმნებათ შთაბეჭდილება ყველა
იმ საინტერესო ადგილზე, რომლებიც უნდა ნახოთ, თან შეგიძლიათ ახვიდეთ და ჩამოხვიდეთ
ერთი და იმავე ბილეთით 48 საათის განმავლობაში. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ლისაბონს
აქვს ტრამვაის ტურისტული ტურები. ეკოლოგიურად სუფთა ეს ტრანსპორტი ადის ყველაზე მთიან
უბნებში და ძვრება ყველაზე ვიწრო ქუჩებში. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე
ამ გასეირნებამ.
2) ზოოპარკი. ლისაბონის ზოოპარკს ჰქვია ზოოლოგიური ბაღი.
ძალიან ზუსტი და სწორი სახელია, რადგან ეს არის უზარმაზარი ბაღი, რომლის ერთ ნაწილში
შესვლა უფასოა. მხოლოდ ერთი მხარე, სადაც არიან ძირითადი ცხოველები, ფასიანია.
ჟირაფები, სპილოები, მაიმუნები, მარტორქები და ბევრი სხვა ცხოველი ჩასმულია
ლამაზ და სუფთა გალიებში, აქვეა ბევრი ინტერაქტიულ-შემეცნებითი კუთხე და პატარა ფუნიკულორი,
რომლითაც შეიძლება ზემოდან გადაუფრინო ზოოპარკს და კარგად დაათვალიერო იქ მობინადრე
ყველა ცხოველი.
3) ოკეანარიუმი. ის ცოტა მოშორებითაა ქალაქის ცენტრალური
უბნებისგან, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იქამდე, თუმცა ბევრი კარგი კომენტარი მაქვს წაკითხული
მასზე.
4)
საო-ჯორჯის ციხე-სიმაგრე. რომელ ბავშვს არ უყვარს ციხე-სიმაგრეები?!
ჩემი შვილიც არ არის გამონაკლისი. ტრამვაით ავედით დანიშნულების ადგილამდე და ყველა
კედელი ფეხით შემოვიარეთ. ასეთი შთამბეჭდავი არაფერი ყოფილა ილიასთვის, სანამ არ დაიხურა
ციხე-სიმაგრე, იქიდან ვერ წამოვედით.
5)
მუზეუმები: მარიონეტების და გემების. საინტერესოა იმის
მიხედვით, გოგო გყავთ თუ ბიჭი.
პორტოში:
1)
ისეთივე ღია ავტობუსის ტური და გემის ტური. პორტო ბევრად
ძველი ქალაქია, ვიდრე ლისაბონი, რადგან, ლისაბონისგან
განსხვავებით, სადაც მიწისძვრამ დამარხა მთლიანი ქალაქი, აქ შენარჩუნებულია ბევრი ისტორიული
ადგილი. გემით შეგიძლიათ გაუყვეთ დოუროს მდინარეს და დაინახოთ ულამაზესი პეიზაჟები,
რომლებიც დღემდე თვალწინ მიდგას.
2)
პორტვეინის მუზეუმი
3)
ტრამვაის მუზეუმი
4)
სანაპირო. ატლანტის ოკეანე ჩვენს დროს ძალიან ცივი იყო,
თუმცა თეთრ ქვიშებში მრავლადაა კომფორტული შეზლონგები და პატარ-პატარა გემრიელი კაფეები.
ილიას რეჟიმი მოგზაურობის დროს ასეთი იყო: ჩემს შვილს შუადღეს სძინავს, სწორედ ამ მიზეზით მეც
ვახერხებ დასვენებას მოგზააურობის დროს. აქამდე სულ დავრბოდი, რომ მომესწრო ყველაფრის
ნახვა და საღამოს დაღლილს ენერგიის ნასახიც აღარ მქონდა. თურმე შუადღის ძილი აუცილებელია!
ორსაათიანი დასვენების შემდეგ საღამოს ენერგიით სავსე, ფეხების ტკივილის გარეშე ვათვალიერებდით ღამის პორტუგალიას. კვებისს საკითხიც
მარტივი იყო, რადგან ილია დიდი სიამოვნებით მიირთმევდა უგემრიელეს თევზს და, რა თქმა უნდა, თავის საყვარელ მაკარონს.
მიმაჩნია, რომ
9 დღე საკმაოდ ბევრია ორი წლის ბავშვისთვის და 3 ქალაქისთვის, ალბათ 6-7 დღე ოპტიმალურია
ასეთი დასვენებისთვის, მთის და ზღვის დასვენებისგან
განსხვავებით. მაგრამ მთავარი იმის გაცნობიერებაა, რომ ბავშვთან ერთად მოგზაურობა უდიდესი
სიამოვნებაა. სიამოვნებაა, რომელსაც ერთად განიცდით.