დაწერილია ჟურნალისთვის 'Steps'
ძალიან მიყვარს ძველი ნივთების შენახვა. ჩემში ეს ალბათ გენეტიკურია. ამით ჩემს საყვარელ ბებია ციას დავემსგავსე, რომელიც ყველა სამახსოვრო ნივთს ინახავდა. კონცერტის ბილეთები, მისალოცი ბარათები, გამხმარი ყვავილები - სულ ყველაფერი ერთ დიდ ყუთში მაქვს ჩალაგებული და ჩემთვის დროში გადაადგილება, ყველა მომენტის და ემოციის გახსენება ძალიან ადვილია.
შვილის გაჩენამ ეს თვისება გამიორმაგა. მე ვინახავ მის
ყველა ფოტოს, ვიდეოს, ნახატს, სასაცილო გამონათქვამებს. როდესაც ილია დიდი ბიჭი გაიზრდება
ამ ყველაფერს ნახავს და გაუხარდება. არ ვიცი ვისთვის უფრო ვაკეთებ ამას, მისთვის თუ
ჩემთვის. მე უფრო სენტიმენტალური ვარ და ალბათ
მე უფრო ხშირად ჩავიხედები ილიას ყუთში J
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და მოგცეთ გასაღებები
იმ საიტების, რომლებიც მეხმარება ჩემი იდეების განხორციელებაში.
Snapfish.com - ეს არის ჩემი პირველი და ყველაზე აქტიურად
გამოყენებადი საიტი. ამ საიტის მეშვეობით მაქვს გაკეთებული არა ერთი ფოტოალბომი, ბლოკნოტი
და სხვა ფოტო-ნივთი. სულ მწყდება გული, რომ ონლაინ სივრცემ და ტელეფონებმა ჩაანაცვლეს
დაბეჭდილი ფოტოები. აღარავინ არაფერს ბეჭდავს და ასე იკარგება ათასობით ფოტო, თუ რამე
განსაკუთრებული მეხსიერება არ გაქვს ნაყიდი დროფბოქსზე. ფოტოები რომ არ დაიკარგოს,
ამისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ფოტოწიგნია, რომლის გაკეთებას ყველაზე კომფორტულად
ამ საიტით ვახერხებ. ტვირთავ ფოტოებს, ირჩევ განლაგებას და ალბომის ზომას, ალამაზებ
და სამახსოვრო საჩუქარი მზადაა. მე ვაკეთებ თითო წიგნს ყოველ წელს ილიას დაბადების
დღისთვის, სადაც ვბეჭდავ მთელი წლის ფოტოებს კომენტარებით და საინტერესო მომენტებით.
ცალკე ვაკეთებ მოგზაურობების ალბომებს. ალბომები დიდ შრომას ითხოვს. ყველაზე რთული
აწყობა კი არა, ფოტოების შეგროვებაა, თუმცა შედეგი ნამდვილად კარგია და ვთვლი ეს არის
საუკეთესო საჩუქარი.
გარდა ფოტოალბომისა ამ საიტიდან შეიძლება ბლოკნონტის
გამოწერა, რომელსაც შეგიძლიათ ყდა თქვენი სასურველი
ფოტოთი გაუკეთოთ. შიგნით შეგიძლიათ ხელით ჩაწეროთ ბავშვის სასაცილო გამონათქვამები
და სიტყვები. მგონია რამოდენიმე წელიწადში ხელით დაწერილი აღარაფერი იქნება, რაც ორმაგად
ძვირფასს გახდის ამ ნივთს. შეიძლება ასეთივე ბლოკნოტში, მაგალითად, დაბადების დღეზე
სტუმრებმა ჩაწერონ მილოცვები და სურვილები თქვენი შვილისთვის. ჩვენ ასეთი ბლოკნოტი
უკვე გვაქვს.
Snapfish’ის მეშვეობით შეგიძლიათ ხელით ააწყოთ მოსაწვევები.
საიტზე ძალიან ბევრი დიზაინი უფასოა. ასე აწყობილ ბარათებს ვბეჭდავ მე თვითონ ფოტოქაღალდზე
პრინტერით სახლში.
Letters to my baby - ეს არის კიდევ ერთი სენტიმენტალური
და საყვარელი ნივთი, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ ამაზონიდან. შიგნით არის კონვერტი
და წერილის ფურცელი, სადაც წერ წერილს და აწერ თარიღს თუ როდის უნდა გახსნას ბავშვმა
ეს კონვერტი. წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იქნება შვილთან ერთად 20 წელიწადში რომ წაიკითხავ
ამ წერილს.
ამაზონზევე იყიდება ‘Mom's One
Line a Day: A Five-Year Memory Book’. იდეა ძალიან მომწონს - ყოველ დღე წერ ერთ წინადადებას,
და ხუთი წლის მანძილზე ავსებ ამ წიგნს.
ყველაზე სტანდარტული სამახსოვრო ნივთი კი, რაც ალბათ
ბერმა იცის, არის ხელების და ფეხების ანაბეჭდი თიხაზე, რომელიც შეგიძლიათ ლამაზ ჩარჩოში
ჩასვათ ბავშვის ფოტოსთან ერთად. ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში იყიდება სპეციალური საბავშვო
ალბომები, სადაც წერ ყველაფერს ბავშვის შესახებ დაბადების დღიდან.
Personalcreations.com
- ამ საიტს გიზიარებთ გულის ფანცქალით, რადგან დიდ ხანს ის იყო ჩემი საიდუმლო
საიტი, საიდანაც ბევრი საჩუქარი გამომიწერია. ეს საიტი იმით არის კარგი, რომ ყველა
ნივთს უკეთდება პერსონალიზაცია, რის შედეგადაც თქვენ გექნებათ ტანსაცმელი, ნახატები,
ოთახის ათასი ნივთი და სათამაშო საკუთარი სახელით.
გარდა ამისა ბევრი საინტერესო და საყვარელი ნივთის დამზადება
ჩვენთან საქართველოშიც შეიძლება. მაგალითად ჩვენ სახლში სათამაშოების ლამაზი, სახელობითი,
ხის სკივრი გვაქვს, რომელიც თბილისში დავამზადებინეთ. ყოველთვის მიხარია, როდესაც საქართველოში
ვპოულობ აქ დამზადებულ რაიმე საინტერესო ნივთს, რომელსაც აუცლებლად ვყიდულობ.
ბოლოსათვის მოვიტოვე ჩემი საყვარელი თემა - საბავშვო
ნახატების კოლექცია. ილიას დაბადებიდანვე ვუგროვებ ნახატებს, ძირითადად ქართველი მხატვრების.
კოლექციის პირველი სურათი ჩემს საყვარელ მხატვარს,
ნინო ჩაკვეტაძეს, ეკუთვნის. ჩვენ უკვე გვაქვს მისი ხუთი ნახატი. ზოგიერთი სპეციალურად ილიასათვის არის დახატული და
ნაჩუქარი. წელს კოლექციას შეემატა ნინო ფერაძის გოგო-ბიჭები და ცხოველების და სათამაშოების
თემატიკის ნახატები მშრალი ხიდიდან. ხანდახან მეც ვხატავ და ვავსებ კოლექციას ჩემი
არაპროფესიონალური, მაგრამ გულით დახატული ნახატებით.
ეს ყველაფერი ჩამოვწერე და მივხვდი რომ ილიას, ჩემსავით, ერთი ყუთი არ ეყოფა. ალბათ ერთი
ოთახი დასჭირდება იმისათვის, რომ შეინახოს ყველაფერი ის, რასაც მე მას მოვუგროვებ.
Steps’ის
ნომრებსაც აუცილებლად შევუნახავ, რომ იცოდეს რამდენჯერ იქნა ნახსენები მისი სახელი
აქაურ სტატიებში.