Friday, June 12, 2015

ნამდვილი აკა


ამ წერილის დაწერისთვის ორი მიზეზი მაქვს: პირველი, მინდა ცოტა სიმძიმე ჩამოვაშორო ჩემს გულს, იქნებ ამ სიტყვებმა მაინც დამიცხროს აუტანელი გულისტკივილი და მის ცემასაც რამე უშველოს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ რასაც ახლა ვგრძნობ, მინდა დავწერო, ფიქრებს თავი მოვუყარო, რომ წლების შემდეგ ამ წერილმა ისევ ცოცხლად გამახსენოს ყველაფერი და დამიბრუნოს ყველა ის გრძნობა და მოგონება, რაც აკასთან მაკავშირებს.

ჩემო ოქრო“ - ყოველ წამს, როდესაც თვალებს ვხუჭავ, ჩამესმის ოდნავ ჩახლეჩილი ხმა. ღიმილსაც ვხედავ, ისეთ ღიმილსმხოლოდ  აკას რომ ჰქონდა - კეთილს და თბილს. თან გიღიმოდა და თან ღიმილით გეფერებოდა, გითბობდა გულს და გაბედნიერებდა. თვალებსაც ვხედავ - მოკაშკაშე ცისფერ თვალებს, არ ვიცი, რა ანათებს ამ თვალებზე მეტად, ალბათ არც მზე, არც ფეირვერკი... დიახ, ფეირვერკი! აი, ასე ვეძახდი მე ჩემს აკას, ფეირვერკივით ხმაურიანს, ფეირვერკივით ნათელს და ფეირვერკივით ბედნიერებისმომტანს...

ჩემმა მეგობარმა აკამ  მსოფლიოში ყველაზე კარგად იცოდა მეგობრობა. არასოდეს არავისთან არაფერი შეეშლებოდა, ყველასთან მართალი და ნამდვილი იყო. რომ დაფიქრდე, რა არის ნამდვილი? ალბათ დღეს  არაფერია ნამდვილი, გარდა ჩემი აკასი. აღარც სიტყვები, აღარც გრძნობები, არც შეპირებები, ადამიანებიც აღარ არიან ნამდვილები. ამ გარემოში აკაღა ახერხებდაარ დაეკარგა ეს თავისი სინამდვილე, ისეთი იყო, როგორც იყო, თამაშის და თავისმოჩვენების გარეშე. ის ყოველთვის ამბობდა, რასაც ფიქრობდა, აკეთებდა, რაც  სწორად მიაჩნდა, რადგან  მართალი იყო ყველასთან და, პირველ რიგში,  თავისთავთან. ბევრჯერ მითქვამს, და აქაც გავიმეორებ, რომ არ არსებობდა ზღვარი იმისა, თუ რისი ჩადენა შეეძლო აკას  მეგობრის გამო. იმიტომაც უყვარდა ის ყველას ასე ძალიან, ასე გულით...

აკას  ადამიანების მიზიდვის საოცარი უნარი  ჰქონდა. ის იზიდავდა ყველას მის გარშემო. გინდოდა, აკასნაირად ჩაგეცვა, აკასნაირად მოქცეულიყავი, აკასნაირად შეგძლებოდა მეგობრობა... ერთსაც ვიტყოდი აკას სინამდვილეზე - რაც მე აკას ვიცნობ, მისგან არასოდეს გამიგია არავის განკითხვა, არავის აუგი ან საყვედური. აი, ასეთი იყო ჩემი აკა. თბილი, ტკბილი და კეთილი.

სიკეთეს ადამიანში შეუცდომლად გრძნობენ ბავშვები. გრძნობენ და უყვართ. ჩემი შვილი აკაზე გიჟდებოდარომ გაიზრდებამინდა, ახსოვდეს თავისი აკა, რომელსაც ილუ  უგონოდ უყვარდა. ის ჩემთან კი არა, ილუსთან მოდიოდა სტუმრად. ისხდნენ სათამაშოების ოთახში და საათობით ერთობოდნენ. როგორ გამოსდიოდა ასე, ორ წამში, ყველა ბავშვთან საერთო ენის გამონახვა, არ ვიცი. ალბათ თვითონაც ბავშვი იყო და ამიტომ. ოცდაექვსი წლის პატარა ბავშვი, რომლის მოფერების, ჩახუტების და დაცვის სურვილი მქონდა სულ.

სულ მეღიმებოდა აკას საყვარელ მუსიკაზე. მაწერინებდა დისკებს თავისი მანქანისთვის, მაგრამ მკაცრი თანმიმდევრობით - რადგან პლეიერი სიმღერებს ვერ რთავდა და მიყოლებით უწევდა მოსმენა. ახლა მახსენდება სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენდა - რეი ჩარლზის „Mother“.

„Ever since the lord called, and she left,
Parts of her flow through me every day“...


დღეს რომ ამ სიმღერას ვუსმენ, სულ სხვაგვარად მხვდება გულზე და სულ სხვაგვარად მტკივა.

აკას საყვარელი რეპი კიდევ ცალკე ისტორიაა... ამდენი არარომანტიკული სიმღერა ერთად გოგოს ფლეილისტში წარმოუდგენელია, მაგრამ ასეთი იყო აკა. რეპი, მუქი მანიკიური და მკაცრი დრესკოდი :) ალბათ ახლა რომ ხედავდეს, რა ფერის ფრჩხილებით ვწერ ამ წერილს, მეტყოდა: „კარგი რა, ნინიიი, რა წაგისვამს ეს!“ შევპირდებოდი და უმალ მოვიშორებდი. ჩავიცვამდი ჩემს შავ კეტებს, რომელიც ძალიან მოსწონდა და ძალით მაყიდინა. დღეს სწორედ ამ კეტებით დავდივარ აკას პანაშვიდზე.

ორ სიტყვასაც ვიტყვი აკას სილამაზეზე. შიგნიდან როგორი ლამაზიც იყო, ისეთივე ლამაზი იყო გარედანაც. ‘იყო ვწერ და ვერ ვიჯერებ. აკა არის ყველაზე ლამაზი გოგო მთელს მსოფლიოში, ჩვენი მოდელი და просто красавица. გვიხაროდა - სამსახურში მოქმედი მოდელი გვყავდა. მიტარბის რეკლამაა გადასაღები? აკა, მოდიი! ბაკურიანის პოსტერზე უნდა დავბეჭდოთ? აკა ჩაიცვი ცისფერი მაისური, ვიწყებთ გადაღებას. პრომო გოგოების ფორმაა შესაკერი? აკა, მოდი ზომები ავიღოთ! თვითონ ამ ყველაფერზე გიჟდებოდა. ყოჩაღი ნიჭიერი ანალიტიკოსი, რომელიც პარალელურად მოდელია. სადმე გაგიგიათ ასეთი ამბავი? ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებული - აი ესეთი აკა ვიცი მე. და ასეთ აკას იცნობს ყველა.

ლონდონში რომ მიდიოდა სულ იმას ვფიქრობდი, როგორ შეიძლება აკა ცხოვრობდეს სხვა ქალაქში, ის ხომ ძალიან თბილისის გოგოა. თბილისის სახე და გული. ახლა ვფიქრობ, ნეტავ ცოცხალი იყოს და სადაც უნდა იქ იცხოვროს.

გული მტკივა, რამდენი რამე ქონდა წინ და რამდენი რამე ვერ მოასწრო. ვერ ვნახავ როგორი იქნება ათ წელში. სიბერეში რომ ვაპირებდით მთელი მსოფლიოს ერთად მოვლას, მაგასაც ვერ გავაკეთებთ. ჩვენი შვილები ვერ იმეგობრებენ, ბევრ საქმეებს  ერთად ვერ გავაკეთებთ. და გვერდში არ მეყოლება ჩემი მზე, მეგობარი და უდიდესი მხარდაჭერა.


1 comment: