Tuesday, March 15, 2016

promise to myself

by looking at different people and thinking about why some of them are more positive and happier than others, i began noticing things that make this difference.

these are few of my observations:

be open to other people. open people attract you, they are the ones that you like straightaway, whom you distinguish in a crowd, around whom you want to be, you want to be the part of their universe. and the best thing about these people is that they let you in. happiness is contagious. this strategy works great. if you are not the happiest of people at some point of your life, you can stick to those who are and can share it. but only if you are willing to share the happiness with open heart, without envy

be open to new things. how often have new emotions, experiences and things made you happy? those things make me happy everyday. new hobby?  new adventure? new people? new project? new year? h.a.p.p.y.

be open to communication and friendship with people of different ages, beliefs and thoughts.
i got to know a person several days ago, who is celebrating 70 years this year. we were attending pre-marathon event and there he was sitting among people twice or even more younger than he was. he was laughing with them, laughing at their jokes, clapping to their news and loving music they were listening to. just by looking at him i got the energy and vibes for the rest of the day. when you are happy with you life, you can do lots of things and be around lots of different people and get even more forces and energy from them. my bachi has this talent of befriending everyone around him. ask his 10 year old godson - bachi is his best friend, so is he for his 60-year old diving-club partner, or for his 3-year old son, or me, his almost-30-years-old wife. and he is happy, because he learns lots of things from all of us, he teaches lots of things and is in constant mode of learning, sharing, feeling.

find it in the simpliest of things. some time ago i realized that i began losing control over my happiness. everyday situations at tbilisi roads, different habits of different people, bad service everywhere - all these things made me want to comment, argue and worry all the time. with this post i am stopping this trend in my life. and return back to finding happiness in small things. i stopped driving car to work and began smiling to the raindrops on my way home, i will look at an aggressive person and try to fall in love with him (tata, thank you for that!), i will stop complaining... this is a promise to myself.



Tuesday, February 2, 2016

მოგზაურობა პორტუგალიაში


დაწერილია ჟურნალისთვის 'ზებრა'

მოგზაურობაზე უკეთესი რამ არ არსებობს. ყველაზე მეტი  ემოცია, შთაბეჭდილებები და ენერგია მოაქვს მოგზაურობას.    პირველად თვითმფრინავში 4 წლის ასაკში ჩავჯექი და მას შემდეგ ვიმოგზაურე ძალიან ბევრი მიმართულებით, ეს მოგზაურობები კი  ყველა საჩუქარსა  და ნივთზე უკეთ  მახსოვს. იმიტომაც  ვცდილობ,  ჩემს შვილსაც ვაჩუქო ის ბედნიერი მომენტები, რომლებიც უკავშირდება   ახალი ქალაქის დათვალიერებას,  გემით მოგზაურობას,  ციხე-სიმაგრეებზე ასვლას,  ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას,   ნაციონალური მუსიკის მოსმენას.

ილიამ ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში  უკვე რამდენიმე ქვეყნის მონახულება მოასწრო. მსურს გესაუბროთ  ჩვენს მაისის არდადეგებზე პორტუგალიაში.
დავიწყებ  მოგზაურობის სამზადისით.

როდესაც მოგზაურობ პატარა ბავშვთან ერთად, აუცილებელია  ყველაფრის წინასწარ  დეტალურად დაგეგმვა. ბავშვთან ერთად (მით უმეტეს, თუ ის, როგორც ილია, შუადღეს იძინებს)  დროში შეზღუდული ხარ, ამიტომ არაკომფორტულია, დილას, საუზმობისას მოიფიქრო, სად წახვიდე. მე ყოველთვის წინასწარ ვადგენ დეტალურ დღის განრიგს, იქ  ვითვალისწინებ იმ რესტორნებსაც, სადაც უნდა  ვივახშმოთ. რა თქმა უნდა, ყველა ღირსშესანიშნაობის ბილეთს  ელექტრონული წესით  წინასწარ ვჯავშნი, რაც თავიდან მაცილებს რიგებს და დროის დაკარგას.   შეძლების დაგვარად ვჯავშნი რესტორნებსაც. სამოგზაუროდ წასვლამდე ცოტა  ხნით ადრე ვაგროვებ ჩემი მეგობრების რეკომენდაციებს ამა თუ იმ ადგილთან დაკავშირებით, რითაც ვამცირებ  წარუმეტებელი  ობიექტების რიცხვს  (უგემურ რესტორნებს, უინტერესო სანახაობებს...). ასევე ვათვალიერებ ქალაქის რუკას, რომ ვიცოდე მიმართულებები და ადვილად გავერკვე ადგილზე. სანამ ილია გაჩნდებოდა, ასე დეტალურად არაფერს ვგეგმავდი, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ დამეგეგმა მოგზაურობას ოპტიმალურს და ეფექტიანს ხდის.

პორტუგალია ძალიან child-friendly ქვეყანაა. ლისაბონის აეროპორტში (და, საერთოდ, ყველაგან, სადაც რიგებია) გათვალისწინებულია ურიგო გასასვლელები ორსულებისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის.   მთელი მოგზაურობის მანძილზე რიგში არსად ვმდგარვართ, რაც ამ ქვეყნის უდიდესი უპირატესობაა.

ჩვენ ყოველთვის ვმოგზაურობთ ეტლით. მართალია, ილია უკვე დიდი ხანია, ეტლში არ ზის, მაგრამ როდესაც 9 დღის მანძილზე უნდა მოვიარო  3 ქალაქი და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება, ეტლის გარეშე ყოვლად  წარმოუდგენელია. ვსარგებლობთ  Maclaren’ის ფირმის ეტლით - ჩემი გამოცდილებით, არცერთ ეტლი არ არის ასეთი კომფორტული მოგზაურობის დროს. ხელმისაწცდომია, მჩატეა, ძალიან კარგი ბორბლები აქვს და იკეცება - შეიძლება მხარზეც გადაიკიდო.

მომაჩნია, მოგზაურობა სწორ დროს - მაისს დავამთხვიეთ, რადგან ამ თვეში  უკვე თბილა (თითქმის ცხელა), მაგრამ ისეთი სიცხე არ არის, როგორიც ზაფხულში. ზაფხული ძალიან ცხელია და ალბათ არც ისეთი კომფორტული.

როდესაც პორტუგალია ავარჩიეთ, ვიცოდით, რომ ძალიან ლამაზ ქვეყანაში მივდიოდით, მაგრამ ადგილზე რომ ჩავედით, მივხვდით, რომ ამ ქვეყნის სილამაზე ყველანაირ მოლოდინს აჭარბებდა. ფერად-ფერადი სახლები, ძველი მოედნები, საინტერესო მუზეუმები, ლამაზი ქუჩები და საოცარი ხედები... ამ ყველაფერს ახლავს პოზიტივი უდიდესი დოზით - ყველა ბედნიერია, იღიმის, მღერის. სხვათა შორის, პორტუგალიური ენა ინტონაციები ძალიან წააგავს ქართულს. სულ მეჩვენებოდა, რომ ქართლად საუბრობდა მთელი ქალაქი.

რაც შეეხება სანახაობებს, ბავშვებისთვის საინტერესო ესენია პორტუგალიაში:
ლისაბონში:
          1) ავტობუსის და ტრამვაის ტური. ჩემი აზრით, ყველა მოგზაურობა უნდა დაიწყოთ ღია ავტობუსის ტურით, საათ-ნახევარში შეგექმნებათ შთაბეჭდილება ყველა იმ საინტერესო ადგილზე, რომლებიც უნდა ნახოთ, თან შეგიძლიათ ახვიდეთ და ჩამოხვიდეთ ერთი და იმავე ბილეთით 48 საათის განმავლობაში. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ლისაბონს აქვს ტრამვაის ტურისტული ტურები. ეკოლოგიურად სუფთა ეს ტრანსპორტი ადის ყველაზე მთიან უბნებში და ძვრება ყველაზე ვიწრო ქუჩებში. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე ამ გასეირნებამ.
     2)    ზოოპარკი. ლისაბონის ზოოპარკს ჰქვია ზოოლოგიური ბაღი. ძალიან ზუსტი და სწორი სახელია, რადგან ეს არის უზარმაზარი ბაღი, რომლის ერთ ნაწილში შესვლა უფასოა. მხოლოდ ერთი მხარე, სადაც არიან ძირითადი ცხოველები,  ფასიანია.  ჟირაფები, სპილოები, მაიმუნები, მარტორქები და ბევრი სხვა ცხოველი ჩასმულია ლამაზ და სუფთა გალიებში, აქვეა ბევრი ინტერაქტიულ-შემეცნებითი კუთხე და პატარა ფუნიკულორი, რომლითაც შეიძლება ზემოდან გადაუფრინო ზოოპარკს და კარგად დაათვალიერო იქ მობინადრე ყველა ცხოველი.
     3)     ოკეანარიუმი. ის ცოტა მოშორებითაა ქალაქის ცენტრალური უბნებისგან, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იქამდე, თუმცა ბევრი კარგი კომენტარი მაქვს წაკითხული მასზე.
     4)      საო-ჯორჯის ციხე-სიმაგრე. რომელ ბავშვს არ უყვარს ციხე-სიმაგრეები?! ჩემი შვილიც არ არის გამონაკლისი. ტრამვაით ავედით დანიშნულების ადგილამდე და ყველა კედელი ფეხით შემოვიარეთ. ასეთი შთამბეჭდავი არაფერი ყოფილა ილიასთვის, სანამ არ დაიხურა ციხე-სიმაგრე, იქიდან ვერ წამოვედით.
     5)      მუზეუმები: მარიონეტების და გემების. საინტერესოა იმის მიხედვით, გოგო გყავთ თუ ბიჭი.

პორტოში:
      1)      ისეთივე ღია ავტობუსის ტური და გემის ტური. პორტო ბევრად ძველი  ქალაქია, ვიდრე ლისაბონი, რადგან, ლისაბონისგან განსხვავებით, სადაც მიწისძვრამ დამარხა მთლიანი ქალაქი, აქ შენარჩუნებულია ბევრი ისტორიული ადგილი. გემით შეგიძლიათ გაუყვეთ დოუროს მდინარეს და დაინახოთ ულამაზესი პეიზაჟები, რომლებიც დღემდე თვალწინ მიდგას.
      2)      პორტვეინის მუზეუმი
      3)      ტრამვაის მუზეუმი
      4)      სანაპირო. ატლანტის ოკეანე ჩვენს დროს ძალიან ცივი იყო, თუმცა თეთრ ქვიშებში მრავლადაა კომფორტული შეზლონგები და პატარ-პატარა გემრიელი კაფეები.

ილიას რეჟიმი მოგზაურობის დროს ასეთი იყო:  ჩემს შვილს შუადღეს სძინავს, სწორედ ამ მიზეზით მეც ვახერხებ დასვენებას მოგზააურობის დროს. აქამდე სულ დავრბოდი, რომ მომესწრო ყველაფრის ნახვა და საღამოს დაღლილს ენერგიის ნასახიც აღარ მქონდა. თურმე შუადღის ძილი აუცილებელია! ორსაათიანი დასვენების შემდეგ საღამოს ენერგიით სავსე, ფეხების ტკივილის გარეშე  ვათვალიერებდით ღამის პორტუგალიას. კვებისს საკითხიც მარტივი იყო, რადგან ილია დიდი სიამოვნებით მიირთმევდა უგემრიელეს თევზს  და, რა თქმა უნდა, თავის საყვარელ მაკარონს.

მიმაჩნია,  რომ 9 დღე საკმაოდ ბევრია ორი წლის ბავშვისთვის და 3 ქალაქისთვის, ალბათ 6-7 დღე ოპტიმალურია ასეთი  დასვენებისთვის, მთის და ზღვის დასვენებისგან განსხვავებით. მაგრამ მთავარი იმის გაცნობიერებაა, რომ ბავშვთან ერთად მოგზაურობა უდიდესი სიამოვნებაა. სიამოვნებაა, რომელსაც ერთად განიცდით. 
 

Thursday, January 28, 2016

სამახსოვრო ნივთები


დაწერილია ჟურნალისთვის 'Steps'

ძალიან მიყვარს ძველი ნივთების შენახვა. ჩემში ეს ალბათ გენეტიკურია. ამით ჩემს საყვარელ ბებია  ციას დავემსგავსე, რომელიც ყველა სამახსოვრო ნივთს ინახავდა. კონცერტის ბილეთები, მისალოცი ბარათები, გამხმარი ყვავილები - სულ ყველაფერი ერთ დიდ ყუთში მაქვს ჩალაგებული და ჩემთვის დროში გადაადგილება, ყველა მომენტის და ემოციის გახსენება ძალიან ადვილია.

შვილის გაჩენამ ეს თვისება გამიორმაგა. მე ვინახავ მის ყველა ფოტოს, ვიდეოს, ნახატს, სასაცილო გამონათქვამებს. როდესაც ილია დიდი ბიჭი გაიზრდება ამ ყველაფერს ნახავს და გაუხარდება. არ ვიცი ვისთვის უფრო ვაკეთებ ამას, მისთვის თუ ჩემთვის.  მე უფრო სენტიმენტალური ვარ და ალბათ მე უფრო ხშირად ჩავიხედები ილიას ყუთში J

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და მოგცეთ გასაღებები იმ საიტების, რომლებიც მეხმარება ჩემი იდეების განხორციელებაში. 

Snapfish.com - ეს არის ჩემი პირველი და ყველაზე აქტიურად გამოყენებადი საიტი. ამ საიტის მეშვეობით მაქვს გაკეთებული არა ერთი ფოტოალბომი, ბლოკნოტი და სხვა ფოტო-ნივთი. სულ მწყდება გული, რომ ონლაინ სივრცემ და ტელეფონებმა ჩაანაცვლეს დაბეჭდილი ფოტოები. აღარავინ არაფერს ბეჭდავს და ასე იკარგება ათასობით ფოტო, თუ რამე განსაკუთრებული მეხსიერება არ გაქვს ნაყიდი დროფბოქსზე. ფოტოები რომ არ დაიკარგოს, ამისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ფოტოწიგნია, რომლის გაკეთებას ყველაზე კომფორტულად ამ საიტით ვახერხებ. ტვირთავ ფოტოებს, ირჩევ განლაგებას და ალბომის ზომას, ალამაზებ და სამახსოვრო საჩუქარი მზადაა. მე ვაკეთებ თითო წიგნს ყოველ წელს ილიას დაბადების დღისთვის, სადაც ვბეჭდავ მთელი წლის ფოტოებს კომენტარებით და საინტერესო მომენტებით. ცალკე ვაკეთებ მოგზაურობების ალბომებს. ალბომები დიდ შრომას ითხოვს. ყველაზე რთული აწყობა კი არა, ფოტოების შეგროვებაა, თუმცა შედეგი ნამდვილად კარგია და ვთვლი ეს არის საუკეთესო საჩუქარი.

გარდა ფოტოალბომისა ამ საიტიდან შეიძლება ბლოკნონტის გამოწერა, რომელსაც  შეგიძლიათ ყდა თქვენი სასურველი ფოტოთი გაუკეთოთ. შიგნით შეგიძლიათ ხელით ჩაწეროთ ბავშვის სასაცილო გამონათქვამები და სიტყვები. მგონია რამოდენიმე წელიწადში ხელით დაწერილი აღარაფერი იქნება, რაც ორმაგად ძვირფასს გახდის ამ ნივთს. შეიძლება ასეთივე ბლოკნოტში, მაგალითად, დაბადების დღეზე სტუმრებმა ჩაწერონ მილოცვები და სურვილები თქვენი შვილისთვის. ჩვენ ასეთი ბლოკნოტი უკვე გვაქვს.

Snapfish’ის მეშვეობით შეგიძლიათ ხელით ააწყოთ მოსაწვევები. საიტზე ძალიან ბევრი დიზაინი უფასოა. ასე აწყობილ ბარათებს ვბეჭდავ მე თვითონ ფოტოქაღალდზე პრინტერით სახლში.

Letters to my baby - ეს არის კიდევ ერთი სენტიმენტალური და საყვარელი ნივთი, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ ამაზონიდან. შიგნით არის კონვერტი და წერილის ფურცელი, სადაც წერ წერილს და აწერ თარიღს თუ როდის უნდა გახსნას ბავშვმა ეს კონვერტი. წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იქნება შვილთან ერთად 20 წელიწადში რომ წაიკითხავ ამ წერილს.  

ამაზონზევე იყიდება ‘Mom's One Line a Day: A Five-Year Memory Book’. იდეა ძალიან მომწონს - ყოველ დღე წერ ერთ წინადადებას, და ხუთი წლის მანძილზე ავსებ ამ წიგნს.
ყველაზე სტანდარტული სამახსოვრო ნივთი კი, რაც ალბათ ბერმა იცის, არის ხელების და ფეხების ანაბეჭდი თიხაზე, რომელიც შეგიძლიათ ლამაზ ჩარჩოში ჩასვათ ბავშვის ფოტოსთან ერთად. ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში იყიდება სპეციალური საბავშვო ალბომები, სადაც წერ ყველაფერს ბავშვის შესახებ დაბადების დღიდან.

Personalcreations.com - ამ საიტს გიზიარებთ გულის ფანცქალით, რადგან დიდ ხანს ის იყო ჩემი საიდუმლო საიტი, საიდანაც ბევრი საჩუქარი გამომიწერია. ეს საიტი იმით არის კარგი, რომ ყველა ნივთს უკეთდება პერსონალიზაცია, რის შედეგადაც თქვენ გექნებათ ტანსაცმელი, ნახატები, ოთახის ათასი ნივთი და სათამაშო საკუთარი სახელით.

გარდა ამისა ბევრი საინტერესო და საყვარელი ნივთის დამზადება ჩვენთან საქართველოშიც შეიძლება. მაგალითად ჩვენ სახლში სათამაშოების ლამაზი, სახელობითი, ხის სკივრი გვაქვს, რომელიც თბილისში დავამზადებინეთ. ყოველთვის მიხარია, როდესაც საქართველოში ვპოულობ აქ დამზადებულ რაიმე საინტერესო ნივთს, რომელსაც აუცლებლად ვყიდულობ.

ბოლოსათვის მოვიტოვე ჩემი საყვარელი თემა - საბავშვო ნახატების კოლექცია. ილიას დაბადებიდანვე ვუგროვებ ნახატებს, ძირითადად ქართველი მხატვრების.  კოლექციის პირველი სურათი ჩემს საყვარელ მხატვარს, ნინო ჩაკვეტაძეს, ეკუთვნის. ჩვენ უკვე გვაქვს მისი ხუთი ნახატი.  ზოგიერთი სპეციალურად ილიასათვის არის დახატული და ნაჩუქარი. წელს კოლექციას შეემატა ნინო ფერაძის გოგო-ბიჭები და ცხოველების და სათამაშოების თემატიკის ნახატები მშრალი ხიდიდან. ხანდახან მეც ვხატავ და ვავსებ კოლექციას ჩემი არაპროფესიონალური, მაგრამ გულით დახატული ნახატებით.

ეს ყველაფერი ჩამოვწერე და მივხვდი რომ  ილიას, ჩემსავით, ერთი ყუთი არ ეყოფა. ალბათ ერთი ოთახი დასჭირდება იმისათვის, რომ შეინახოს ყველაფერი ის, რასაც მე მას მოვუგროვებ. Steps’ის ნომრებსაც აუცილებლად შევუნახავ, რომ იცოდეს რამდენჯერ იქნა ნახსენები მისი სახელი აქაურ სტატიებში.


Thursday, January 21, 2016

მშვიდი ძილი, რეჟიმი და მონსტრები ლოგინის ქვეშ


დაწერილია ჟურნალისთვის 'Steps'

ძალიან მიყვარს ძილი. გაღვიძება ყოველთვის  ყველაზე რთული პროცესი იყო ჩემთვის.  მაღვიძარას ვაყენებდი ხუთჯერ 5-5  წუთის ინტერვალით, რომ რამენაირად ბოლომდე გავეღვიძებინე.  ვერც კი  წარმოვიდგენდი, რომ ილიას გაჩენის შემდეგ მაღვიძარა სულაც  არ დამჭირდებოდა. დღეს ჩემი ორგანიზმი თავისით იღვიძებს ერთსა და იმავე დროს, საინტერესოა, რომ ხშირად ილიას გაღვიძებამდე ორი წუთით ადრე. როგორ ხდება ეს,  დაბეჯითებით არ ვიცი,  ალბათ იმიტომ, რომ  დედის ინსტინქტი აშკარად ძალიან ძლიერი ფაქტორია.

დრო გავიდა და თითქმის გადამავიწყდა ილიას დაბადებიდან  პირველი სამი თვის განმავლობაში გათენებული ღამეები, რასაკვირველია, მეც, როგორც ძალიან ბევრ დედას, პირველ თვეებში  ნამდვილად არ მეძინა, არეული მქონდა დროც და ყველაფრის რეჟიმიც. ილია წამოიზარდა, ღამის ძილიც დაგვიბრუნდა,  ყველაფერი დაწყნარდა და დალაგდა. ამას კი, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო მეთოდით მივაღწიე, რაც მინდა, დღევანდელ ბლოგში გაგიზიაროთ.

დედების საუბრების დროს გამიგია, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც დაბადებიდან მთელი ღამე მშვიდად სძინავთ, დილამდე არაფერს ითხოვენ და 11 საათზეც იღვიძებენ. ჩემი შვილი, ბიოლოგიური რიტმის თვალსაზრისით, როგორ იტყვიან, ტოროლაა. 8 საათზე იღვიძებს და ლოგინზე ენერგიულად იწყებს  „ოპა-ოპას“. თუმცა დღეს, როდესაც ილია თითქმის სამი წლისაა, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მას ძალიან კარგად სძინავს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ამ წარმატებაში არის რეჟიმი. მე ვარ „რეჟიმისტი“. ილია იკვებება რეჟიმის მიხედვით, სეირნობს რეჟიმის მიხედვით და სძინავს რეჟიმის მიხედვით... ამ რეჟიმში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შუადღის ძილს. მინდა მაქსიმალურად გავზარდო ეს დრო.. რაც უფრო დიდ ასაკამდე ეძინება ბავშვს შუადღის ძილით, მით უფრო ნაკლებად გადაიტვირთება მისი გონება ემოციებით  და  ნაკლებად გადაღლილი დაიძინებს ღამით,  შესაბამისად, ნაკლები ღამის კოშმარი და შიში ექნება. შუადღის ძილი  განტვირთვის, ახალი ძალებით შევსების და მოზარდის შეუფერხებელი განვითარების საწინდარია. მე, როგორც მოსამსახურე დედას, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი მთელს საღამოს ჩემთან ენერგიულად და მხიარულად ატარებს, ვასწრებთ ბევრ ადგილას მისვლას, მეგობრების მონახულებას, საინტერესეო ღონისძიებების დასწრებას. ამაში ძალიან დიდ დადებით როლს თამაშობს  შუადღის ძილი.

მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია რიტუალი. დაძინებამდე  გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ყოველდღე მეორდება. ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვი ძილისთვის ემზადება: ბანაობა, კბილების გაწმენდა, წიგნის კითხვა, სიმღერა... სამი წლის განმავლობაში ალბათ სულ რამდენიმე დღე ყოფილა, როდესაც ეს რიტუალი დაგვირღვევია. ილიამ იცის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ იძინებს. თვითონვე ემზადება და  ითხოვს შუქის გამორთვას. ნაცნობი  რიტუალები  ბავშვს წინასწარ განაწყობს ძილისთვის, ადუნებს და მის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.

ისიც უნდა ითქვას,  რომ ხანხადან ბავშვებს ღამე ეღვიძებათ არა წყლის დასალევად, არამედ რაღაცის შიშის გამო. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, თუმცა მსურს გესაუბროთ   ღამის ტირილის გამომწვევ ორ მიზეზზე. პირველია ღამის შიში, მეორე კი - ღამის კოშმარები. განსხვავება ამ ორს შორის შემდეგია: ღამის შიშის დროს ბავშვი დაძინების შემდეგ რამდენიმე საათში დგება და იწყებს ყვირილს, თვალები  ღია აქვს და ვერ  წყნარდება. ამ დროს შეიძლება გაოფლიანდეს, აჩქარებით სუნთქავდეს, უცბათ ყველაფერმა ერთ წამში გაუაროს და განაგრძოს ძილი. მას არც გაუღვიძია, უბრალოდ, მისი ორგანიზმი ვერ მიხვდა, რომ უნდა გადასულიყო ძილის ერთი ფაზიდან მეორეზე. ღამის კოშმარების შემთხვევაში კი ბავშვი იღვიძებს, რადგან მას დაესიზმრა საშიში სიზმარი, ახსოვს, რამ შეაშინა და უჭირს ძილის შებრუნება.

ამ ორივე შემთხვევაში ჩემს ჩამონათვალს ემატება მესამე ელემენტი - საუბარი. ბავშვთან საუბრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დელიკატურობა. მოუსმინეთ, გაარკვიეთ, რამ შეაშინა, ეცადეთ მიხვდეთ, რა იყო მთავარი მიზეზი (ემოციები დღის განმავლობაში, კინკლაობა, დავა, სულიერი დისკომფორტი...), ესაუბრეთ გამუდმებით, დაუსვით ირიბი კითხვები, მთავარია,  მიხვდეთ, რა არის შიშის მთავარი მიზეზი. არასოდეს უხსენოთ ღამის ინციდენტები. ბავშვის თანდასწრებით არც სხვებს მოუყვეთ ეს ისტორია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ისიც გახსოვდეთ, რომ შიშისგან უკონტროლო მდგომარეობაში ჩავარდნილი დედის შემხედვარე  ბავშვმა შეიძლება მომავალში მანიპულირების მიზნით სპეციალურადაც გამოიყენოს ეს ხრიკი.

და ჩემი საყვარელი ელემენტი - ძილის მცველი. მოიფიქრეთ პერსონაჟი/სათამაშო, ვინც თქვენს შვილს  ღამით მონსტრებისგან დაიცავს: ჯარისკაცი, სუპერმენი, ვუდი კავბოი და, რა თქმა უნდა, გაუღვივეთ შეგრძნება, რომ   ბავშვის მთავარი მცველი ხართ თქვენ - ხშირად უმეორეთ ბავშვს, რომ თქვენ მას იცავთ, მის გვერდით ხართ და რომ ის თქვენთან ერთად უსაფრთხოდაა. თუ თქვენთან ერთად არ სძინავს ბავშვს, აუცილებლად დაუყენეთ რადიოძიძა - რომ გაიგოთ  დაძახება და მის გვერდით აღმოჩნდეთ საჭირო დროს.

ჩვენც ვიყავით პატარები და ჩვენც გვეშინოდა ღამღამით. მე პირადად დღემდე დამრჩა ეს ჩვევა - ძილის დროს საბნის გარეთ ფეხს არასოდეს ვტოვებ, შემთხვევით მონსტრმა რომ არ მომაჭამოს.

Monday, January 18, 2016

მადა აიფედის გარეშე

დაწერილია ჟურნალისთვის 'Steps'

როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, თვალები მინათდება. ეს ის თემაა, რომელზეც შემიძლია  გაუჩერებლად ვილაპარაკო, ეს ის თემაა, რომელიც ძალიან მაინტერესებს და რომელსაც ყოველდღე  დიდი ინტერესით ვიკვლევ. სულ რაღაც 4 წლის წინ ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ასე ღრმად დავინტერესდებოდი ბავშვის ფსიქოლოგიით, მისი კვების, გართობა-განვითარებისა თუ სხვა  საკითხით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ილია გაჩნდა, ჩემმა ჰობებმა ერთი საფეხურით ქვემოთ ჩაიწია,  პირველი ადგილი კი  ილიამ და ყველა იმ თემამ დაიკავა, რაც მას ეხება.

როდესაც ვფიქრობდი, რომელი თემით დამეწყო ჩემი ბლოგი,  ჩემს შვილთან ერთად ლესელიძეზე ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი,  კარგი ამინდი იყო - მე და ილია ვთამაშობდით ჩვენს საყვარელ თამაშს... როდესაც გვერდითა მაგიდიდან მოისმა: „old macdonald had a farm“. ამ ხმამ ილიას მთელი ყურადღება მიიპყრო. გავიხედე და დავინახე ორი ბავშვი მიმჯდარი ერთი ტელეფონის ეკრანს და დედა, რომელიც რიგრიგობით ჩანგლით უდებდა ბავშვებს პირში საჭმელს. პირველი ბლოგის თემა მაშინვე გადაწყდა. არ მოგატყუებთ, მსგავსი  სცენა არაერთხელ მინახავს არაერთ საზოგადოებრივ ადგილას: სადაც ბავშვი, მშობელი და საკვებია, იქ უსათუოდაა  აიფედი/ტელეფონი/კომპიუტერი.

სიმართლე გითხრათ, მეც ჩამირთავს აიფონი, როდესაც მომდომებია მეგობრებთან მშვიდად საუბარი, მეც მიჭმევია  მულტფილმების ფონზე და, შესანიშნავად  ვიცი, როგორი ცდუნებაც აქვს ამ ამბავს. როგორც კი აჭერ თითს სამკუთხედ ღილაკს, ბავშვი, რომელიც ორი წუთის წინ პირს არ აღებდა და თავს აქნევდა, იწყებს ყველაფრის ჭამას, რასაც კი პირში ჩაუდებ. ცდუნება ნამდვილად დიდია. მაგრამ მხარეც ორი აქვს ამ ცდუნებას.

დავიწყებ შორიდან. ჭამა არის ბავშვის ზრდისთვის აუცილებელი პროცესი. მადა - ანუ ჭამის სურვილი იმ ენერგიის ეკვივალენტია, რომელსაც ბავშვი ხარჯავს. რაში ხარჯავს ენერგიას ბავშვი? როგორც კომაროვსკი ამბობს, ზრდასა და განვითარებაზე, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაზე. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი გარეთ აქტიურად, მით უკეთ ჭამს.  ისედაც, ნახევარი დღის გატარება გარეთ ბევრად  უფრო ადვილია, ვიდრე მთელი ოჯახის ცეკვა-თამაში, ხვეწნა და დაპირებები, რომ საჩუქრებს დააყრიან ბავშვს, თუ ერთ კოვზ სუპს შეჭამს. მადა ნიშნავს ორგანიზმის  მზაობას საკვების ასათვისებლად, ამ წინაპირობის გარეშე კვებას დიდი აზრი არ აქვს.

ჩემი ერთი მეგობრის დედა ბავშვობიდან ცდილობდა, შვილი ბალანსირებულად გამოეკვება, ამისთვის მთელი დღე დასდევდა, ემუდარებოდა, ხშირად  ატყუებდა კიდეც. ვიდეოკასეტებიც ძალიან შველოდა ჩემს მეგობარს, უფრო სწორად, მეგობრის დედას. ტელევიზორთან სვამდნენ და პირს ავტომატურად აღებინებდნენ. ნელა ჭამდა, რადგან ხვდებოდა,  როგორც კი ღეჭვას დაამთავრებდა, მულტფილმი აღარ იქნებოდა. დღეს ჩემი მეგობარი ისევ ასე გეახლებათ - ტელევიზორთან, წიგნით ხელში - რაღაც  ყოველთვის უნდა ხდებოდეს ჭამის პარალელურად. თუმცა ის არ იცის, რომ როდესაც რაღაც ხდება პარალელურად, კავშირი სხეულთან  დარღვეულია და ძალიან მარტივია, გამოგრჩეს დანაყრების მომენტი. ამას კიდევ ერთი ფაქტორი ემატება - როდესაც ჩემი მეგობარი უყურებს ტელევიზორს, ავტომატურად უჩნდება რამეს დაღეჭვის სურვილი.

ამიტომაც  მნიშვნელოვანია კონცენტრაცია, რომ ადამიანი აცნობიერებდეს ჭამის პროცესს, გრძნობდეს გემოს, სუნს, ტემპერატურას და საკვების შემადგენელ ინგრედიენტებს,  უნდა ხვდებოდეს, როდის ნაყრდება.  როცა ბავშვს კვების პარალელურად მულტფილმს ვურთავთ, ვართმევთ მას შეგრძნებებს, ვარღვევთ მის ცნობიერებას.

მეორე საკითხია, თუ უკვე მივაჩვიეთ ჩვენი შვილი მულტფილმებს და აიფედს და გვინდა გადავაჩვიოთ, როგორ მოვიქცეთ ამ  შემთხვევაში?

მთავარია, დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. მინახავს ბევრი ძალიან ტექნიკაზე დამოკიდებული ბავშვი, შემსწრეც ვარ ბევრი ისტერიკის, როდესაც ბავშვი იატაკზე წევს, ხელ-ფეხს აფართხალებს და ითხოვს მულტფილმებს. მყისიერად გადაჩვევა არარეალურია და  დიდ ტრავმას იწვევს. შეგიძლიათ გამოიყენოთ, ერთი შეხედვით, ობიექტური ხერხი - ელემენტი, რომ ჩართვიდან ცოტა ხანში აიფედი დაჯდეს  ან გაფუჭდეს. ნელ-ნელა სულ უფრო უნდა შევამციროთ  აიფედის მუშაობის დრო ელემენტის მიზეზით. აუდიოწიგნები სცადეთ. მოსწონს ბავშვს ზღაპრის მოსმენა? შეუმცირეთ ვიზუალი, დაუტოვეთ აუდიო, მერე ჩაანაცვლეთ წიგნებით. ასე შეამცირეთ დოზაც და გაანეიტრალეთ საშიშროებაც.

გირჩევთ,  დიდი ენერგია დაუთმოთ საკვებს. ილია რომ  ორი წლის გახდა,  სულ უფრო და უფრო გაუმძაფრდა იმის სურვილი, რომ თვითონ ეკეთებინა  რაღაცები. ძალიან ვამხნევებ, როდესაც დამოუკიდებლად ჭამს. სიმართლე გითხრათ, ბევრი სუპი დასხმულა ჯემპრზე და ბევრი წიწიბურა დაყრილა იატაკზე, მაგრამ ამის გამო არასოდეს მინერვიულია ან მიმიცია შენიშვნა. ვაფასებ ილიას მცდელობებს, ეს დიდი რამეა მისთვის. შექება მეტად მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში, ასე მიმაჩნია და შედეგიც სახეზე მაქვს.

მეორე მომენტია, თუ როგორ მიართმევთ ბავშვს საჭმელს. ილიას უყვარს თეფში განყოფილებებით - ცალკე რომ ალაგია ბოსტნეული, ცალკე - კატლეტი და ცალკე  - ყველი. დიდი ეფექტი აქვს მორთულობას. მე ვადევნებ თვალს რამდენიმე კარგ ინსტაგრამ account’ს, თქვენც გირჩევთ, ინსპირაციისთვის leesamantha’ს ფოტოებს გადახედოთ. რომელ ბავშვს არ მოუდნება ბრინჯის პანდას ან ყველის რობოტის გასინჯვა? და კიდევ ერთი ხრიკი - თუ ბავშვი  საჭმლის რომელიმე სახეობას არც სინჯავს (რაც ჩემს შემთახვევაში ხშირად მომხდარა), ვუმატებ მის ერთ საყვარელ ინგრედიენტს. ხოდა, სუპებში ვიჭერთ კარტოფილებს და ვშველით სტაფილოებს დახრჩობისგან. თავისი ხელით, თავისი ნებით, ყოველგვარი  დაძალების გარეშე.

გემრიელი საჭმელი მეც ძალიან მიყვარს და ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ნუ მოვაკლებთ ამ სიამოვნებას ჩვენს შვილებს!