Thursday, January 21, 2016

მშვიდი ძილი, რეჟიმი და მონსტრები ლოგინის ქვეშ


დაწერილია ჟურნალისთვის 'Steps'

ძალიან მიყვარს ძილი. გაღვიძება ყოველთვის  ყველაზე რთული პროცესი იყო ჩემთვის.  მაღვიძარას ვაყენებდი ხუთჯერ 5-5  წუთის ინტერვალით, რომ რამენაირად ბოლომდე გავეღვიძებინე.  ვერც კი  წარმოვიდგენდი, რომ ილიას გაჩენის შემდეგ მაღვიძარა სულაც  არ დამჭირდებოდა. დღეს ჩემი ორგანიზმი თავისით იღვიძებს ერთსა და იმავე დროს, საინტერესოა, რომ ხშირად ილიას გაღვიძებამდე ორი წუთით ადრე. როგორ ხდება ეს,  დაბეჯითებით არ ვიცი,  ალბათ იმიტომ, რომ  დედის ინსტინქტი აშკარად ძალიან ძლიერი ფაქტორია.

დრო გავიდა და თითქმის გადამავიწყდა ილიას დაბადებიდან  პირველი სამი თვის განმავლობაში გათენებული ღამეები, რასაკვირველია, მეც, როგორც ძალიან ბევრ დედას, პირველ თვეებში  ნამდვილად არ მეძინა, არეული მქონდა დროც და ყველაფრის რეჟიმიც. ილია წამოიზარდა, ღამის ძილიც დაგვიბრუნდა,  ყველაფერი დაწყნარდა და დალაგდა. ამას კი, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო მეთოდით მივაღწიე, რაც მინდა, დღევანდელ ბლოგში გაგიზიაროთ.

დედების საუბრების დროს გამიგია, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც დაბადებიდან მთელი ღამე მშვიდად სძინავთ, დილამდე არაფერს ითხოვენ და 11 საათზეც იღვიძებენ. ჩემი შვილი, ბიოლოგიური რიტმის თვალსაზრისით, როგორ იტყვიან, ტოროლაა. 8 საათზე იღვიძებს და ლოგინზე ენერგიულად იწყებს  „ოპა-ოპას“. თუმცა დღეს, როდესაც ილია თითქმის სამი წლისაა, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მას ძალიან კარგად სძინავს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ამ წარმატებაში არის რეჟიმი. მე ვარ „რეჟიმისტი“. ილია იკვებება რეჟიმის მიხედვით, სეირნობს რეჟიმის მიხედვით და სძინავს რეჟიმის მიხედვით... ამ რეჟიმში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შუადღის ძილს. მინდა მაქსიმალურად გავზარდო ეს დრო.. რაც უფრო დიდ ასაკამდე ეძინება ბავშვს შუადღის ძილით, მით უფრო ნაკლებად გადაიტვირთება მისი გონება ემოციებით  და  ნაკლებად გადაღლილი დაიძინებს ღამით,  შესაბამისად, ნაკლები ღამის კოშმარი და შიში ექნება. შუადღის ძილი  განტვირთვის, ახალი ძალებით შევსების და მოზარდის შეუფერხებელი განვითარების საწინდარია. მე, როგორც მოსამსახურე დედას, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი მთელს საღამოს ჩემთან ენერგიულად და მხიარულად ატარებს, ვასწრებთ ბევრ ადგილას მისვლას, მეგობრების მონახულებას, საინტერესეო ღონისძიებების დასწრებას. ამაში ძალიან დიდ დადებით როლს თამაშობს  შუადღის ძილი.

მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია რიტუალი. დაძინებამდე  გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ყოველდღე მეორდება. ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვი ძილისთვის ემზადება: ბანაობა, კბილების გაწმენდა, წიგნის კითხვა, სიმღერა... სამი წლის განმავლობაში ალბათ სულ რამდენიმე დღე ყოფილა, როდესაც ეს რიტუალი დაგვირღვევია. ილიამ იცის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ იძინებს. თვითონვე ემზადება და  ითხოვს შუქის გამორთვას. ნაცნობი  რიტუალები  ბავშვს წინასწარ განაწყობს ძილისთვის, ადუნებს და მის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.

ისიც უნდა ითქვას,  რომ ხანხადან ბავშვებს ღამე ეღვიძებათ არა წყლის დასალევად, არამედ რაღაცის შიშის გამო. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, თუმცა მსურს გესაუბროთ   ღამის ტირილის გამომწვევ ორ მიზეზზე. პირველია ღამის შიში, მეორე კი - ღამის კოშმარები. განსხვავება ამ ორს შორის შემდეგია: ღამის შიშის დროს ბავშვი დაძინების შემდეგ რამდენიმე საათში დგება და იწყებს ყვირილს, თვალები  ღია აქვს და ვერ  წყნარდება. ამ დროს შეიძლება გაოფლიანდეს, აჩქარებით სუნთქავდეს, უცბათ ყველაფერმა ერთ წამში გაუაროს და განაგრძოს ძილი. მას არც გაუღვიძია, უბრალოდ, მისი ორგანიზმი ვერ მიხვდა, რომ უნდა გადასულიყო ძილის ერთი ფაზიდან მეორეზე. ღამის კოშმარების შემთხვევაში კი ბავშვი იღვიძებს, რადგან მას დაესიზმრა საშიში სიზმარი, ახსოვს, რამ შეაშინა და უჭირს ძილის შებრუნება.

ამ ორივე შემთხვევაში ჩემს ჩამონათვალს ემატება მესამე ელემენტი - საუბარი. ბავშვთან საუბრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დელიკატურობა. მოუსმინეთ, გაარკვიეთ, რამ შეაშინა, ეცადეთ მიხვდეთ, რა იყო მთავარი მიზეზი (ემოციები დღის განმავლობაში, კინკლაობა, დავა, სულიერი დისკომფორტი...), ესაუბრეთ გამუდმებით, დაუსვით ირიბი კითხვები, მთავარია,  მიხვდეთ, რა არის შიშის მთავარი მიზეზი. არასოდეს უხსენოთ ღამის ინციდენტები. ბავშვის თანდასწრებით არც სხვებს მოუყვეთ ეს ისტორია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ისიც გახსოვდეთ, რომ შიშისგან უკონტროლო მდგომარეობაში ჩავარდნილი დედის შემხედვარე  ბავშვმა შეიძლება მომავალში მანიპულირების მიზნით სპეციალურადაც გამოიყენოს ეს ხრიკი.

და ჩემი საყვარელი ელემენტი - ძილის მცველი. მოიფიქრეთ პერსონაჟი/სათამაშო, ვინც თქვენს შვილს  ღამით მონსტრებისგან დაიცავს: ჯარისკაცი, სუპერმენი, ვუდი კავბოი და, რა თქმა უნდა, გაუღვივეთ შეგრძნება, რომ   ბავშვის მთავარი მცველი ხართ თქვენ - ხშირად უმეორეთ ბავშვს, რომ თქვენ მას იცავთ, მის გვერდით ხართ და რომ ის თქვენთან ერთად უსაფრთხოდაა. თუ თქვენთან ერთად არ სძინავს ბავშვს, აუცილებლად დაუყენეთ რადიოძიძა - რომ გაიგოთ  დაძახება და მის გვერდით აღმოჩნდეთ საჭირო დროს.

ჩვენც ვიყავით პატარები და ჩვენც გვეშინოდა ღამღამით. მე პირადად დღემდე დამრჩა ეს ჩვევა - ძილის დროს საბნის გარეთ ფეხს არასოდეს ვტოვებ, შემთხვევით მონსტრმა რომ არ მომაჭამოს.

No comments:

Post a Comment