Thursday, January 21, 2016

მშვიდი ძილი, რეჟიმი და მონსტრები ლოგინის ქვეშ


დაწერილია ჟურნალისთვის 'Steps'

ძალიან მიყვარს ძილი. გაღვიძება ყოველთვის  ყველაზე რთული პროცესი იყო ჩემთვის.  მაღვიძარას ვაყენებდი ხუთჯერ 5-5  წუთის ინტერვალით, რომ რამენაირად ბოლომდე გავეღვიძებინე.  ვერც კი  წარმოვიდგენდი, რომ ილიას გაჩენის შემდეგ მაღვიძარა სულაც  არ დამჭირდებოდა. დღეს ჩემი ორგანიზმი თავისით იღვიძებს ერთსა და იმავე დროს, საინტერესოა, რომ ხშირად ილიას გაღვიძებამდე ორი წუთით ადრე. როგორ ხდება ეს,  დაბეჯითებით არ ვიცი,  ალბათ იმიტომ, რომ  დედის ინსტინქტი აშკარად ძალიან ძლიერი ფაქტორია.

დრო გავიდა და თითქმის გადამავიწყდა ილიას დაბადებიდან  პირველი სამი თვის განმავლობაში გათენებული ღამეები, რასაკვირველია, მეც, როგორც ძალიან ბევრ დედას, პირველ თვეებში  ნამდვილად არ მეძინა, არეული მქონდა დროც და ყველაფრის რეჟიმიც. ილია წამოიზარდა, ღამის ძილიც დაგვიბრუნდა,  ყველაფერი დაწყნარდა და დალაგდა. ამას კი, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო მეთოდით მივაღწიე, რაც მინდა, დღევანდელ ბლოგში გაგიზიაროთ.

დედების საუბრების დროს გამიგია, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც დაბადებიდან მთელი ღამე მშვიდად სძინავთ, დილამდე არაფერს ითხოვენ და 11 საათზეც იღვიძებენ. ჩემი შვილი, ბიოლოგიური რიტმის თვალსაზრისით, როგორ იტყვიან, ტოროლაა. 8 საათზე იღვიძებს და ლოგინზე ენერგიულად იწყებს  „ოპა-ოპას“. თუმცა დღეს, როდესაც ილია თითქმის სამი წლისაა, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მას ძალიან კარგად სძინავს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ამ წარმატებაში არის რეჟიმი. მე ვარ „რეჟიმისტი“. ილია იკვებება რეჟიმის მიხედვით, სეირნობს რეჟიმის მიხედვით და სძინავს რეჟიმის მიხედვით... ამ რეჟიმში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შუადღის ძილს. მინდა მაქსიმალურად გავზარდო ეს დრო.. რაც უფრო დიდ ასაკამდე ეძინება ბავშვს შუადღის ძილით, მით უფრო ნაკლებად გადაიტვირთება მისი გონება ემოციებით  და  ნაკლებად გადაღლილი დაიძინებს ღამით,  შესაბამისად, ნაკლები ღამის კოშმარი და შიში ექნება. შუადღის ძილი  განტვირთვის, ახალი ძალებით შევსების და მოზარდის შეუფერხებელი განვითარების საწინდარია. მე, როგორც მოსამსახურე დედას, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი მთელს საღამოს ჩემთან ენერგიულად და მხიარულად ატარებს, ვასწრებთ ბევრ ადგილას მისვლას, მეგობრების მონახულებას, საინტერესეო ღონისძიებების დასწრებას. ამაში ძალიან დიდ დადებით როლს თამაშობს  შუადღის ძილი.

მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია რიტუალი. დაძინებამდე  გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ყოველდღე მეორდება. ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვი ძილისთვის ემზადება: ბანაობა, კბილების გაწმენდა, წიგნის კითხვა, სიმღერა... სამი წლის განმავლობაში ალბათ სულ რამდენიმე დღე ყოფილა, როდესაც ეს რიტუალი დაგვირღვევია. ილიამ იცის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ იძინებს. თვითონვე ემზადება და  ითხოვს შუქის გამორთვას. ნაცნობი  რიტუალები  ბავშვს წინასწარ განაწყობს ძილისთვის, ადუნებს და მის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.

ისიც უნდა ითქვას,  რომ ხანხადან ბავშვებს ღამე ეღვიძებათ არა წყლის დასალევად, არამედ რაღაცის შიშის გამო. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, თუმცა მსურს გესაუბროთ   ღამის ტირილის გამომწვევ ორ მიზეზზე. პირველია ღამის შიში, მეორე კი - ღამის კოშმარები. განსხვავება ამ ორს შორის შემდეგია: ღამის შიშის დროს ბავშვი დაძინების შემდეგ რამდენიმე საათში დგება და იწყებს ყვირილს, თვალები  ღია აქვს და ვერ  წყნარდება. ამ დროს შეიძლება გაოფლიანდეს, აჩქარებით სუნთქავდეს, უცბათ ყველაფერმა ერთ წამში გაუაროს და განაგრძოს ძილი. მას არც გაუღვიძია, უბრალოდ, მისი ორგანიზმი ვერ მიხვდა, რომ უნდა გადასულიყო ძილის ერთი ფაზიდან მეორეზე. ღამის კოშმარების შემთხვევაში კი ბავშვი იღვიძებს, რადგან მას დაესიზმრა საშიში სიზმარი, ახსოვს, რამ შეაშინა და უჭირს ძილის შებრუნება.

ამ ორივე შემთხვევაში ჩემს ჩამონათვალს ემატება მესამე ელემენტი - საუბარი. ბავშვთან საუბრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დელიკატურობა. მოუსმინეთ, გაარკვიეთ, რამ შეაშინა, ეცადეთ მიხვდეთ, რა იყო მთავარი მიზეზი (ემოციები დღის განმავლობაში, კინკლაობა, დავა, სულიერი დისკომფორტი...), ესაუბრეთ გამუდმებით, დაუსვით ირიბი კითხვები, მთავარია,  მიხვდეთ, რა არის შიშის მთავარი მიზეზი. არასოდეს უხსენოთ ღამის ინციდენტები. ბავშვის თანდასწრებით არც სხვებს მოუყვეთ ეს ისტორია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ისიც გახსოვდეთ, რომ შიშისგან უკონტროლო მდგომარეობაში ჩავარდნილი დედის შემხედვარე  ბავშვმა შეიძლება მომავალში მანიპულირების მიზნით სპეციალურადაც გამოიყენოს ეს ხრიკი.

და ჩემი საყვარელი ელემენტი - ძილის მცველი. მოიფიქრეთ პერსონაჟი/სათამაშო, ვინც თქვენს შვილს  ღამით მონსტრებისგან დაიცავს: ჯარისკაცი, სუპერმენი, ვუდი კავბოი და, რა თქმა უნდა, გაუღვივეთ შეგრძნება, რომ   ბავშვის მთავარი მცველი ხართ თქვენ - ხშირად უმეორეთ ბავშვს, რომ თქვენ მას იცავთ, მის გვერდით ხართ და რომ ის თქვენთან ერთად უსაფრთხოდაა. თუ თქვენთან ერთად არ სძინავს ბავშვს, აუცილებლად დაუყენეთ რადიოძიძა - რომ გაიგოთ  დაძახება და მის გვერდით აღმოჩნდეთ საჭირო დროს.

ჩვენც ვიყავით პატარები და ჩვენც გვეშინოდა ღამღამით. მე პირადად დღემდე დამრჩა ეს ჩვევა - ძილის დროს საბნის გარეთ ფეხს არასოდეს ვტოვებ, შემთხვევით მონსტრმა რომ არ მომაჭამოს.

Monday, January 18, 2016

მადა აიფედის გარეშე

დაწერილია ჟურნალისთვის 'Steps'

როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, თვალები მინათდება. ეს ის თემაა, რომელზეც შემიძლია  გაუჩერებლად ვილაპარაკო, ეს ის თემაა, რომელიც ძალიან მაინტერესებს და რომელსაც ყოველდღე  დიდი ინტერესით ვიკვლევ. სულ რაღაც 4 წლის წინ ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ასე ღრმად დავინტერესდებოდი ბავშვის ფსიქოლოგიით, მისი კვების, გართობა-განვითარებისა თუ სხვა  საკითხით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ილია გაჩნდა, ჩემმა ჰობებმა ერთი საფეხურით ქვემოთ ჩაიწია,  პირველი ადგილი კი  ილიამ და ყველა იმ თემამ დაიკავა, რაც მას ეხება.

როდესაც ვფიქრობდი, რომელი თემით დამეწყო ჩემი ბლოგი,  ჩემს შვილთან ერთად ლესელიძეზე ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი,  კარგი ამინდი იყო - მე და ილია ვთამაშობდით ჩვენს საყვარელ თამაშს... როდესაც გვერდითა მაგიდიდან მოისმა: „old macdonald had a farm“. ამ ხმამ ილიას მთელი ყურადღება მიიპყრო. გავიხედე და დავინახე ორი ბავშვი მიმჯდარი ერთი ტელეფონის ეკრანს და დედა, რომელიც რიგრიგობით ჩანგლით უდებდა ბავშვებს პირში საჭმელს. პირველი ბლოგის თემა მაშინვე გადაწყდა. არ მოგატყუებთ, მსგავსი  სცენა არაერთხელ მინახავს არაერთ საზოგადოებრივ ადგილას: სადაც ბავშვი, მშობელი და საკვებია, იქ უსათუოდაა  აიფედი/ტელეფონი/კომპიუტერი.

სიმართლე გითხრათ, მეც ჩამირთავს აიფონი, როდესაც მომდომებია მეგობრებთან მშვიდად საუბარი, მეც მიჭმევია  მულტფილმების ფონზე და, შესანიშნავად  ვიცი, როგორი ცდუნებაც აქვს ამ ამბავს. როგორც კი აჭერ თითს სამკუთხედ ღილაკს, ბავშვი, რომელიც ორი წუთის წინ პირს არ აღებდა და თავს აქნევდა, იწყებს ყველაფრის ჭამას, რასაც კი პირში ჩაუდებ. ცდუნება ნამდვილად დიდია. მაგრამ მხარეც ორი აქვს ამ ცდუნებას.

დავიწყებ შორიდან. ჭამა არის ბავშვის ზრდისთვის აუცილებელი პროცესი. მადა - ანუ ჭამის სურვილი იმ ენერგიის ეკვივალენტია, რომელსაც ბავშვი ხარჯავს. რაში ხარჯავს ენერგიას ბავშვი? როგორც კომაროვსკი ამბობს, ზრდასა და განვითარებაზე, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაზე. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი გარეთ აქტიურად, მით უკეთ ჭამს.  ისედაც, ნახევარი დღის გატარება გარეთ ბევრად  უფრო ადვილია, ვიდრე მთელი ოჯახის ცეკვა-თამაში, ხვეწნა და დაპირებები, რომ საჩუქრებს დააყრიან ბავშვს, თუ ერთ კოვზ სუპს შეჭამს. მადა ნიშნავს ორგანიზმის  მზაობას საკვების ასათვისებლად, ამ წინაპირობის გარეშე კვებას დიდი აზრი არ აქვს.

ჩემი ერთი მეგობრის დედა ბავშვობიდან ცდილობდა, შვილი ბალანსირებულად გამოეკვება, ამისთვის მთელი დღე დასდევდა, ემუდარებოდა, ხშირად  ატყუებდა კიდეც. ვიდეოკასეტებიც ძალიან შველოდა ჩემს მეგობარს, უფრო სწორად, მეგობრის დედას. ტელევიზორთან სვამდნენ და პირს ავტომატურად აღებინებდნენ. ნელა ჭამდა, რადგან ხვდებოდა,  როგორც კი ღეჭვას დაამთავრებდა, მულტფილმი აღარ იქნებოდა. დღეს ჩემი მეგობარი ისევ ასე გეახლებათ - ტელევიზორთან, წიგნით ხელში - რაღაც  ყოველთვის უნდა ხდებოდეს ჭამის პარალელურად. თუმცა ის არ იცის, რომ როდესაც რაღაც ხდება პარალელურად, კავშირი სხეულთან  დარღვეულია და ძალიან მარტივია, გამოგრჩეს დანაყრების მომენტი. ამას კიდევ ერთი ფაქტორი ემატება - როდესაც ჩემი მეგობარი უყურებს ტელევიზორს, ავტომატურად უჩნდება რამეს დაღეჭვის სურვილი.

ამიტომაც  მნიშვნელოვანია კონცენტრაცია, რომ ადამიანი აცნობიერებდეს ჭამის პროცესს, გრძნობდეს გემოს, სუნს, ტემპერატურას და საკვების შემადგენელ ინგრედიენტებს,  უნდა ხვდებოდეს, როდის ნაყრდება.  როცა ბავშვს კვების პარალელურად მულტფილმს ვურთავთ, ვართმევთ მას შეგრძნებებს, ვარღვევთ მის ცნობიერებას.

მეორე საკითხია, თუ უკვე მივაჩვიეთ ჩვენი შვილი მულტფილმებს და აიფედს და გვინდა გადავაჩვიოთ, როგორ მოვიქცეთ ამ  შემთხვევაში?

მთავარია, დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. მინახავს ბევრი ძალიან ტექნიკაზე დამოკიდებული ბავშვი, შემსწრეც ვარ ბევრი ისტერიკის, როდესაც ბავშვი იატაკზე წევს, ხელ-ფეხს აფართხალებს და ითხოვს მულტფილმებს. მყისიერად გადაჩვევა არარეალურია და  დიდ ტრავმას იწვევს. შეგიძლიათ გამოიყენოთ, ერთი შეხედვით, ობიექტური ხერხი - ელემენტი, რომ ჩართვიდან ცოტა ხანში აიფედი დაჯდეს  ან გაფუჭდეს. ნელ-ნელა სულ უფრო უნდა შევამციროთ  აიფედის მუშაობის დრო ელემენტის მიზეზით. აუდიოწიგნები სცადეთ. მოსწონს ბავშვს ზღაპრის მოსმენა? შეუმცირეთ ვიზუალი, დაუტოვეთ აუდიო, მერე ჩაანაცვლეთ წიგნებით. ასე შეამცირეთ დოზაც და გაანეიტრალეთ საშიშროებაც.

გირჩევთ,  დიდი ენერგია დაუთმოთ საკვებს. ილია რომ  ორი წლის გახდა,  სულ უფრო და უფრო გაუმძაფრდა იმის სურვილი, რომ თვითონ ეკეთებინა  რაღაცები. ძალიან ვამხნევებ, როდესაც დამოუკიდებლად ჭამს. სიმართლე გითხრათ, ბევრი სუპი დასხმულა ჯემპრზე და ბევრი წიწიბურა დაყრილა იატაკზე, მაგრამ ამის გამო არასოდეს მინერვიულია ან მიმიცია შენიშვნა. ვაფასებ ილიას მცდელობებს, ეს დიდი რამეა მისთვის. შექება მეტად მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში, ასე მიმაჩნია და შედეგიც სახეზე მაქვს.

მეორე მომენტია, თუ როგორ მიართმევთ ბავშვს საჭმელს. ილიას უყვარს თეფში განყოფილებებით - ცალკე რომ ალაგია ბოსტნეული, ცალკე - კატლეტი და ცალკე  - ყველი. დიდი ეფექტი აქვს მორთულობას. მე ვადევნებ თვალს რამდენიმე კარგ ინსტაგრამ account’ს, თქვენც გირჩევთ, ინსპირაციისთვის leesamantha’ს ფოტოებს გადახედოთ. რომელ ბავშვს არ მოუდნება ბრინჯის პანდას ან ყველის რობოტის გასინჯვა? და კიდევ ერთი ხრიკი - თუ ბავშვი  საჭმლის რომელიმე სახეობას არც სინჯავს (რაც ჩემს შემთახვევაში ხშირად მომხდარა), ვუმატებ მის ერთ საყვარელ ინგრედიენტს. ხოდა, სუპებში ვიჭერთ კარტოფილებს და ვშველით სტაფილოებს დახრჩობისგან. თავისი ხელით, თავისი ნებით, ყოველგვარი  დაძალების გარეშე.

გემრიელი საჭმელი მეც ძალიან მიყვარს და ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ნუ მოვაკლებთ ამ სიამოვნებას ჩვენს შვილებს!




Friday, August 14, 2015

music of dancing waves

as a huge bossa nova fan, i have been listening a lot to antonio carlos jobim, joao gilberto, astrud gilberto and probably each and every artist who has ever performed anything in this style.

i can say one thing - when my favourite joao donato's music is on, you know it straight away, because it's such a different bossa nova! bossa nova with little sway, as i like to call it. his bossa nova is like the dancing waves of the ocean and his voice is amazingly soft and warm. i can just put on his whole album, close my eyes and taste the salt from the ocean dissolving in the air. i can feel sand under my feet and hear the sound of birds and happy people dancing to this amazing rhythm. and i feel like dancing too. in my office room, in hot tbilisi street or wherever i may be.

it's time to visit brasil.




Sunday, August 9, 2015

one patriotic post

some things and stories have been coming to my mind, which i wanted to share with you. most of them are connected to georgia and how much i love living in this country. maybe because of the tourist season, or maybe because i have been walking around the city a lot recently, but this is exactly what i want to write about now.

i am happy to be living in the city which i love, to be loving the life in this city and the atmosphere it has. the best thing this city has is kindness. and that people here care. even if they have seen you for the first time in a queue for the carousel where you forgot to top up the paying card - they pay for you; if you are the last one in a fifty people line to get into the funicular train with a child, they let you in as first; when you sit in a cafe with friends the waiter pays your bill; someone gives you an ice-cream in the street because she has an extra one; complete strangers help you carry heavy bags up the stairs, and heavy stroller too (because, yes, tbilisi is an absolutely child unfriendly city), old people give you detailed directions to every street you need.. 

all those things make you feel that you are never alone in this city, someone always cares for you, even if he or she doesn't know you name. that is a great thing to see, notice and appreciate. and next time do something for someone who's name you don't know. and stop complaining about tbilisi. 


Friday, June 12, 2015

ნამდვილი აკა


ამ წერილის დაწერისთვის ორი მიზეზი მაქვს: პირველი, მინდა ცოტა სიმძიმე ჩამოვაშორო ჩემს გულს, იქნებ ამ სიტყვებმა მაინც დამიცხროს აუტანელი გულისტკივილი და მის ცემასაც რამე უშველოს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ რასაც ახლა ვგრძნობ, მინდა დავწერო, ფიქრებს თავი მოვუყარო, რომ წლების შემდეგ ამ წერილმა ისევ ცოცხლად გამახსენოს ყველაფერი და დამიბრუნოს ყველა ის გრძნობა და მოგონება, რაც აკასთან მაკავშირებს.

„
ჩემო ოქრო“ - ყოველ წამს, როდესაც თვალებს ვხუჭავ, ჩამესმის ოდნავ ჩახლეჩილი ხმა. ღიმილსაც ვხედავ, ისეთ ღიმილს,  მხოლოდ  აკას რომ ჰქონდა - კეთილს და თბილს. თან გიღიმოდა და თან ღიმილით გეფერებოდა, გითბობდა გულს და გაბედნიერებდა. თვალებსაც ვხედავ - მოკაშკაშე ცისფერ თვალებს, არ ვიცი, რა ანათებს ამ თვალებზე მეტად, ალბათ არც მზე, არც ფეირვერკი... დიახ, ფეირვერკი! აი, ასე ვეძახდი მე ჩემს აკას, ფეირვერკივით ხმაურიანს, ფეირვერკივით ნათელს და ფეირვერკივით ბედნიერებისმომტანს...

ჩემმა მეგობარმა აკამ  მსოფლიოში ყველაზე კარგად იცოდა მეგობრობა. არასოდეს არავისთან არაფერი შეეშლებოდა, ყველასთან მართალი და ნამდვილი იყო. რომ დაფიქრდე, რა არის ნამდვილი? ალბათ დღეს  არაფერია ნამდვილი, გარდა ჩემი აკასი. აღარც სიტყვები, აღარც გრძნობები, არც შეპირებები, ადამიანებიც აღარ არიან ნამდვილები. ამ გარემოში აკაღა ახერხებდა,  არ დაეკარგა ეს თავისი სინამდვილე, ისეთი იყო, როგორც იყო, თამაშის და თავისმოჩვენების გარეშე. ის ყოველთვის ამბობდა, რასაც ფიქრობდა, აკეთებდა, რაც  სწორად მიაჩნდა, რადგან  მართალი იყო ყველასთან და, პირველ რიგში,  თავისთავთან. ბევრჯერ მითქვამს, და აქაც გავიმეორებ, რომ არ არსებობდა ზღვარი იმისა, თუ რისი ჩადენა შეეძლო აკას  მეგობრის გამო. იმიტომაც უყვარდა ის ყველას ასე ძალიან, ასე გულით...

აკას  ადამიანების მიზიდვის საოცარი უნარი  ჰქონდა. ის იზიდავდა ყველას მის გარშემო. გინდოდა, აკასნაირად ჩაგეცვა, აკასნაირად მოქცეულიყავი, აკასნაირად შეგძლებოდა მეგობრობა... ერთსაც ვიტყოდი აკას სინამდვილეზე - რაც მე აკას ვიცნობ, მისგან არასოდეს გამიგია არავის განკითხვა, არავის აუგი ან საყვედური. აი, ასეთი იყო ჩემი აკა. თბილი, ტკბილი და კეთილი.

სიკეთეს ადამიანში შეუცდომლად გრძნობენ ბავშვები. გრძნობენ და უყვართ. ჩემი შვილი აკაზე გიჟდებოდა.  რომ გაიზრდება,  მინდა, ახსოვდეს თავისი აკა, რომელსაც ილუ  უგონოდ უყვარდა. ის ჩემთან კი არა, ილუსთან მოდიოდა სტუმრად. ისხდნენ სათამაშოების ოთახში და საათობით ერთობოდნენ. როგორ გამოსდიოდა ასე, ორ წამში, ყველა ბავშვთან საერთო ენის გამონახვა, არ ვიცი. ალბათ თვითონაც ბავშვი იყო და ამიტომ. ოცდაექვსი წლის პატარა ბავშვი, რომლის მოფერების, ჩახუტების და დაცვის სურვილი მქონდა სულ.

სულ მეღიმებოდა აკას საყვარელ მუსიკაზე. მაწერინებდა დისკებს თავისი მანქანისთვის, მაგრამ მკაცრი თანმიმდევრობით - რადგან პლეიერი სიმღერებს ვერ რთავდა და მიყოლებით უწევდა მოსმენა. ახლა მახსენდება სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენდა - რეი ჩარლზის „Mother“.

„Ever since the lord called, and she left,
Parts of her flow through me every day“...


დღეს რომ ამ სიმღერას ვუსმენ, სულ სხვაგვარად მხვდება გულზე და სულ სხვაგვარად მტკივა.

აკას საყვარელი რეპი კიდევ ცალკე ისტორიაა... ამდენი არარომანტიკული სიმღერა ერთად გოგოს ფლეილისტში წარმოუდგენელია, მაგრამ ასეთი იყო აკა. რეპი, მუქი მანიკიური და მკაცრი დრესკოდი :) ალბათ ახლა რომ ხედავდეს, რა ფერის ფრჩხილებით ვწერ ამ წერილს, მეტყოდა: „კარგი რა, ნინიიი, რა წაგისვამს ეს!“ შევპირდებოდი და უმალ მოვიშორებდი. ჩავიცვამდი ჩემს შავ კეტებს, რომელიც ძალიან მოსწონდა და ძალით მაყიდინა. დღეს სწორედ ამ კეტებით დავდივარ აკას პანაშვიდზე.

ორ სიტყვასაც ვიტყვი აკას სილამაზეზე. შიგნიდან როგორი ლამაზიც იყო, ისეთივე ლამაზი იყო გარედანაც. ‘იყო’ს ვწერ და ვერ ვიჯერებ. აკა არის ყველაზე ლამაზი გოგო მთელს მსოფლიოში, ჩვენი მოდელი და просто красавица. გვიხაროდა - სამსახურში მოქმედი მოდელი გვყავდა. მიტარბის რეკლამაა გადასაღები? აკა, მოდიი! ბაკურიანის პოსტერზე უნდა დავბეჭდოთ? აკა ჩაიცვი ცისფერი მაისური, ვიწყებთ გადაღებას. პრომო გოგოების ფორმაა შესაკერი? აკა, მოდი ზომები ავიღოთ! თვითონ ამ ყველაფერზე გიჟდებოდა. ყოჩაღი ნიჭიერი ანალიტიკოსი, რომელიც პარალელურად მოდელია. სადმე გაგიგიათ ასეთი ამბავი? ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებული - აი ესეთი აკა ვიცი მე. და ასეთ აკას იცნობს ყველა.

ლონდონში რომ მიდიოდა სულ იმას ვფიქრობდი, როგორ შეიძლება აკა ცხოვრობდეს სხვა ქალაქში, ის ხომ ძალიან თბილისის გოგოა. თბილისის სახე და გული. ახლა ვფიქრობ, ნეტავ ცოცხალი იყოს და სადაც უნდა იქ იცხოვროს.

გული მტკივა, რამდენი რამე ქონდა წინ და რამდენი რამე ვერ მოასწრო. ვერ ვნახავ როგორი იქნება ათ წელში. სიბერეში რომ ვაპირებდით მთელი მსოფლიოს ერთად მოვლას, მაგასაც ვერ გავაკეთებთ. ჩვენი შვილები ვერ იმეგობრებენ, ბევრ საქმეებს  ერთად ვერ გავაკეთებთ. და გვერდში არ მეყოლება ჩემი მზე, მეგობარი და უდიდესი მხარდაჭერა.